04.04.2018
IFC–მ ბაზისბანკს  მცირე და საშუალო ბიზნესისა და საერთშორისო ვაჭრობის დაფინანსებისთვის საკრედიტო ხაზი გამოუყო

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და ბაზისბანკს შორის საკრედიტო ხაზის გამოყოფის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. პარტნიორობის მიზანია მცირე და საშუალო კომპანიების საბრუნავი საშუალებებისა და სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება, რაც ამ კომპანიებს საქმიანობის გაფართოებაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალ ბაზრებზე დამკვიდრებაში დაეხმარება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-2018 წლის ინდექსის თანახმად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი გამოწვევაა. IFC მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საკითხის მოგვარებას და ამ მიზნით ბაზისბანკს, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ჯგუფის ჰუალინგის წევრია, 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხს გამოუყოფს. სესხი ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის ვაჭრობასთან დაკავშირებული საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას მოხმარდება.

ბაზისბანკი უერთდება IFC-ის გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამასაც (GTFP). ამ პროგრამის ფარგლებში, IFC ბაზისბანკს გამოუყოფს  ვაჭრობის დაფინანსების საგარანტიო ხაზს 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ეს კი ბანკის კლიენტების სავაჭრო ტრანზაქციებს და ზოგადად, საგარეო ვაჭრობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„IFC-სთან პარტნიორობა ვაჭრობის დაფინანსების მეტ შესაძლებლობას მოგვცემს. შედეგად, მცირე და საშუალო კომპანიებს საკრედიტო პროდუქტებზე საუკეთესო პირობებს შევთავაზებთ, რაც ამ კომპანიების გაფართოებას შეუწყობს ხელს. მოხარულნი ვართ, რომ IFC-ის გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამას შევუერთდით. ამ თანამშრომლობით ჩვენ კიდევ უფრო გავამყარებთ ბანკის პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სეგმენტში და გავაფართოებთ ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების მხარდაჭერას,“ განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.

ბაზისბანკის მხარდაჭერით, IFC მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქართული საბანკო სექტორის კონკურენტულ გარემოს.

„სავაჭრო დაფინანსებასთან წვდომა უმნიშვნელოვანესია კომპანიებისთვის, რომლებიც საგარეო ვაჭრობაში არიან ჩართული, ზრდის მათ სიცოცხლისუნარიანობას და ხელს უაწყობს ეძიონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენი თანამშრომლობა ბაზისბანკთან საქართველოში კერძო სექტორის მხარდაჭერის ფართო ძალისხმევის ნაწილია,“ აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.  

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ესწრებოდა, რომელმაც თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეაფასა და "ბაზისბანკსა" და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას გაფორმებული შეთანხმება მიულოცა. 
"დღევანდელი დღე ნამდვილად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ ის საკრედიტო რესურსი, რომელიც გამოყოფილი იქნება, მოხმარდება ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას შეუწყობს ხელს, ასევე ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას. ამავე დროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის განვითარებისთვის, ვინაიდან ისეთი გლობალური ორგანიზაცია, როგორიც არის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, მუშაობას იწყებს კიდევ ერთ კომერციულ ბანკთან საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ არის ნდობა როგორც ბანკის, ისე ფინანსური სისტემის მიმართ საქართველოში. რაც შეეხება "ბაზისბანკს", მისი კაპიტალი და ოპერაციები იზრდება, ვფიქრობთ, ასეთი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაუხსნის გზას, რათა მომავალში დამატებითი რესურსები მოიზიდოს და კიდევ უფრო გაზარდოს ეკონომიკური სექტორების დაფინანსება", - აღნიშნა გვენეტაძემ. 



Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.